Saturday, December 15, 2018

რა არის ბულინგი?


რა არის „ბულინგი“ და რატომ გამოვიყენებთ ინგლისურ სიტყვას, როცა მას ქართული შესატყვისებიც გააჩნია?! საქმე ისაა, რომ ჩაგვრის, აბუჩად აგდების აღმნიშვნელი ეს ინგლისური სიტყვა უკვე ტერმინად ჩამოყალიბდა და ისევე სწრაფად მოედო მსოფლიოს, როგორც უშუალოდ ის ქმედება, რასაც იგი აღნიშნავს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, დღევანდელ რეალობაში იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე ერთხელ მაინც არ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. თუმცა, ყველაზე მგრძნობიარე და ფართოდ მოცული კატეგორია მაინც ბავშვები არიან. სპეციალისტების მტკიცებით, სწორედ ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი ორგანიზაციული ქცევა, კოლექტიურობა და პირველ რიგში ამ კოლექტივის ჩამოყალიბების ადგილად სკოლა გვევლინება. თუმცა, ეს თავის მხრივ არ მოიაზრებს იმას, რომ ბავშვი სკოლის პერიოდში აუცილებლად გახდება ან მჩაგვრელი და ან დაჩაგრული.

საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღეს მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება. შესაბამისად, ბავშვებს, ზოგჯერ გაუაზრებლადაც, უჩნდებათ სხვაზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი, შესაძლოა ეს განპირობებული იყოს ოჯახური სიტუაციიდანაც, ასევე სხვადასხვა ვიდეოებისა თუ ინტერნეტ-თამაშებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის გარკვეული სტადიები სკოლამდელი ასაკის ბავშვებშიც იჩენს თავს.
როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოსთვისაც აქტიური პრობლემაა ეს საკითხი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის კონკრეტული ფორმა, რომელიც ერთმანეთის დაჩაგვრასა თუ დაცინვაში გამოიხატება. ამის შედეგად ხშირად ირღვევა ბავშვის სწორი განვითარების მიმართულება, ინდივიდს უქვეითდება თვითშეფასება, უჩნდება შიშები, ერიდება სოციალიზაციას, სკოლაში სიარულს, ვერ პოულობს გამოსავალს და საკუთარ თავში ეძებს მიზეზებსა და თავის დახსნის საშუალებას, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც მის ხასიათზე, ასევე სოციალურ ცხოვრებაზე.
ჩაგვრას მრავალი ფორმა აქვს, ყველაზე ხშირად კი, ემოციური ძალადობის ხასიათს ატარებს, რაც უშუალოდ მიმართულია დამცირებაზე, დამუქრებაზე, გამოძალვაზე, გაღიზიანებაზე, ყვირილზე, უხამსი, დამამცირებელი კომენტარების გაკეთებაზე, უსაფუძვლო ჭორების გავრცელებაზე.
აუცილებელი არ არის აგრესორი დაუფარავად მოქმედებდეს. დღესდღეობით, როცა ინტერნეტით მოცულ სამყაროში ვცხოვრობთ, დანაშაულის ჩადენაც ბევრად უფრო გამარტივებულია და შესაძლებელია „ბულინგი“-ს მსხვერპლმა ბოლომდე არც კი იცოდეს, ვინ არის სინამდვილეში მისი მჩაგვრელი.
შეუძლებელია გამოვყოთ ერთი მიმართულება, რომელიც უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე. ნებისმიერი სახის ჩაგვრამ შესაძლებელია მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე. ხშირია შემთხვევებიც, როცა მსხვერპლი სიჩუმეს ამჯობინებს. ზოგჯერ სისუსტის, ზოგჯერ სირცხვილის, ზოგჯერ კი უსუსურების შეგრძნების გამო, გაჩუმებას ამჯობინებს. ასევე არაა იშვიათი, როცა საზოგადოება ბულინგის მსხვერპლში რეალურ მსხვერპლს კი არა, პროვოკატორს ხედავს და პირიქით, მჩაგვრელის გამართლებას ცდილობს იმის დადგენით, თუ რამ უბიძგა მას ამ დანაშაულის ჩადენისაკენ, რა გახდა მიზეზი, ხომ არ იმსახურებდა მსხვერპლი ასე მოქცევას და ა.შ.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არანაირი მიზეზი არ ამართლებს ძალადობას!
და ძალადობა არასდროსაა გამოსავალი!
ძალადობრივი ქცევის გამომწვევი ფაქტორებიდან კი, სამწუხაროდ, ყველაზე დიდია ოჯახის თემა, არაჯანსაღი გარემო, რომელშიც ბავშვს უწევს გაზრდა, მშობლების გაუთავებელი ჩხუბი, უდიერი მოპყრობა ერთმანეთისა თუ სხვა ადამიანების მიმართ, ყვირილი, ლანძღვა, ზოგჯერ ფიზიკური ძალადობაც კი. ასეთ დროს ბავშვი ვეღარ ახერხებს განასხვავოს, რა არის ჩვეულებრივი მოვლენა და რა დანაშაული.
„ბულინგი“ კი სულაც არ არის ერთჯერადი ხასიათის ქცევა. მჩაგვრელი წინასწარ აცნობიერებს იმას, რასაც აკეთებს და რაც უფრო მეტ ძალაუფლებას გრძნობს, უფრო მეტი უნდება, შესაბამისად, ჩაგვრას მუდმივ ხასიათს აძლევს მანამ, სანამ მასზე ძლიერს არ გადაეყრება, ასეთი შემთხვევები კი, არც თუ ისე ხშირია.
განმეორებადმა, ხანგრძლივი ხასიათის ჩაგვრამ ბავშვს შეიძლება მიაყენოს სერიოზული ემოციური და ფსიქოლოგიური ზიანი, რომელიც არა მალევე, არამედ გარკვეული წლების გასვლის შემდეგ გაცილებით რთული ფორმით გამოვლინდეს.
სამწუხაროდ, ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ეს ერთი მხრივ დაკავშირებულია თავად ბულინგის იდენტიფიცირების სირთულესთან. ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლები თუ მშობლები ვერ ასხვავებენ კონკრეტული ქცევა ძალადობრივი ხასიათისაა, თუ უბრალოდ სიცელქესა და სიურჩესთან გვაქვს საქმე. ასევე, ხშირად მჩაგვრელები კარგად ინიღბავენ თავს და შესაძლოა საზოგადოებაში კარგი, კეთილი ბავშვის იმიჯითაც კი სარგებლობდნენ.
განათლების ნაციონალური ცენტრის მონაცემების მიხედვით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია.
Modecki, Minchin, Harbaugh, Guerra, & Runions-ის 2014 წელს გაკეთებული 80 კვლევის მეტა-ანალიზის მიხედვით, 12-18 წლის მოზარდების 35% განიცდის ტრადიციულ ბულინგს (ფიზიკური, სიტყვიერი აგრესია), ხოლო 15% – კიბერ-ბულინგს. Petrosina, Guckenburg, DeVoe, & Hanson-ის 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ბულინგის მსხვერპლი ბავშვებიდან 64% არ საუბრობს ამაზე. Davis & Nixon-ის 2010 წლის კვლევის მიხედვით, ჩაგვრის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ბავშვის გარეგნობა (55%); სხეულის ფორმა (37%) და ეროვნება (16%). 

ავტორი: ნათია ჯაგოდნიშვილი, სპუტნიკ-საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით

No comments:

Post a Comment