არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ბულინგის პრობლემა მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით თვალშისაცემი ცოდნისა და კომპეტენციის ნაკლებობაა. მათივე განმარტებით, სახელმწიფოს სათანადოდ არ აქვს გაცნობიერებული ბულინგის დამაზიანებელი ეფექტი, რამაც შესაძლოა გააუარესოს როგორც მსხვერპლის, ასევე სხვა მოსწავლეების მდგომარეობა.
ფსიქოლოგების თქმით, ბულინგი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობაა, რომელიც ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ ხორციელდება. მას საკმაოდ ცუდი შედეგი მოაქვს და ერთნაირად დამაზიანებელია, როგორც ბულერისთვის (განმახორციელებელი), ისე მისთვისაც, ვისაც ჩაგრავენ. მსხვერპლს, შესაძლოა, ტრავმა მთელი ცხოვრება გაჰყვეს და ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა განუვითარდეს, მათ შორის, დეპრესია და ფსიქოსომატიკა (ფსიქოსომატურ დაავადებებს უწოდებენ ფიზიკურ ავადმყოფობებს და დარღვევებს, რომლის გამომწვევ მიზეზებსაც წარმოადგენს ემოციური დაძაბულობა). ხშირად, ბულინგს ახორციელებს ის, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანი დარგია, თუმცა სახელმწიფო მხოლოდ ამ საგნის პედაგოგების გადამზადებით არ უნდა შემოიფარგლოს. მის შეფასებით, ბულინგის პრობლემა მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ცოდნისა და კომპეტენციის ნაკლებობა. "დღესდღეობით ბულინგის საკმაოდ ბევრი ფაქტი ხდება ცნობილი, თუმცა სახელმწიფოს რეაგირება ძალიან მწირია. როგორც ვიცით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, რომლის ამოცანაცაა მოსწავლეების სხვა საჭიროებებთან ერთად, ბულინგის მართვაც“.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბულინგის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსურად ვიზრუნოთ მასზე, აუცილებელია ბავშვებში, მოზარდებში ცნოიერების ამაღლება ამ მიმართულებით. სახელმწიფომ ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენოს რათა მინიმუმადე იყოს დაყვანილი ბულინგის შემთხვევათა რიცხვი და იზრუნოს მათზე, როგორც მსხვერპლზე, ასევე ბულერზე.
ავტორი: ერეკლე მადოიანი
No comments:
Post a Comment