Saturday, December 15, 2018

ბულინგის სახეები და რჩევები მშობლებისთვის



განვიხილოთ ბულინგის ძირითადი ტიპები, მათი დამახასიათებელი ნიშნები და ის მოქმედებები, რომლებიც უნდა განახორციელოთ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ვერბალური ბულინგი

ვერბალური ბულინგი არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში ადამიანის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დამცინავი სახელით მიმართვა, ჭორების გავრცელება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, უპატივცემულო კომენტარები, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები. (მაგ: გარეგნობა, ჩაცმულობა, რელიგია, ეთნიკურობა, შეზღუდული შესაძლებლობა,  და ა.შ.)

დამახასიათებელი ნიშნები. ბავშვები, რომლებიც არიან ვერბალური ბულინგის მსხვერპლი, ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში, არიან გაღიზიანებულები, აგრესიულები, აღენიშნებათ მადასთან დაკავშირებული პრობლემები.
მათ შესაძლოა გითხრან ის შერაცხმყოფელი სიტყვა, რომელიც ვიღაცამ მათ მიმართ გამოიყენა და გკითხონ მართლა ასე არის თუ არა.



რა უნდა გააკეთოთ. თქვენი საკუთარი ქცევის მოდელის გამოყენებით, გააძლიერეთ მათი აზრი იმის შესახებ, რომ ყველა იმსახურებს კარგ დამოკიდებულებას - უმადლოდეთ მასწავლებლებს, აქეთ მეგობრები, თავაზიანად მოეპყარით მაღაზიის კონსულტანტებს. რადგან სწორედ თქვენგან იღებენ მაგალითს ბავშვები.შეუმუშავეთ ბავშვებს თავმოყვარეობა და ასწავლეთ მათ საკუთარი ძლიერი მხარეების დაფასება. საუკეთესო დაცვა, რომელსაც მშობლები გვთავაზობენ, არის ბავშვის თვითშეფასებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება და საჭიროების შემთხვევაში მათი მზადყოფნა, მიიღონ შესაბამისი ზომები პრობლემის მოსაგვარებლად. პრაქტიკულად განიხილეთ უსაფრთხო და კონსტრუქციული მეთოდები, თუ როგორი რეაგირება მოახდინონ ხულიგნების სიტყვებსა და ქმედებებზე. ერთად მოიფიქრეთ ძირითადი ფრაზები, რომლებიც შეიძლება უთხრას მოძალადეს, თუმცა არა მტრული ფორმით.

ფიზიკური ბულინგი

ფიზიკური ბულინგი არის ბულინგის ყველაზე ძალადობრივი, აგრესიული ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და ა.შ 

დამახასიათებელი ნიშნები: როდესაც ეს ხდება, უმრავლესობა არ უყვება მშობლებს ინციდენტის შესახებ, აქედან გამომდინარე თქვენ უნდა აკონტროლოთ ფიზიკური ბულინგის შესაძლო ნიშნები, მაგალითად: აუხსნელი ჭრილობები, ნაფხაჭნები, დალურჯებები, გახეული ტანსაცმელი, ხშირი თავისა და მუცლის ტკივილი.

რა უნდა გააკეთოთ:  თუ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს შვილს აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, აუცილებლად დაელაპარაკეთ მას, ჰკითხეთ როგორ მიდის საქმე სკოლაში, რა ხდება სასადილოში და შესვენებებზე, სკოლის დამთავრების შემდგომ. პასუხებიდან გამომდინარე  დაასკვნით, იყო თუ არა ის ბულინგის მსხვერპლი. ეცადეთ შეიკავოთ ემოციები. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გულღია დამოკიდებულებას მშობლებთან, მასწავლებლებსა და ფსიქოლოგებთან.
ჩაინიშნეთ ინციდენტის თარიღები, ჩართული პირების სათანადო რეაგირება და განხორციელებული ქმედებები. ნუ დაუკავშირდებით ხულიგნების მშობლების პრობლემის მოსაგვარებლად, ეცადეთ  თავად მოაგვაროთ ის. თუ თქვენი ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფა გრძელდება და საჭიროა დამატებითი დახმარების გაწევა სკოლის გარეთ, დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. არსებობს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩაგვრას და შევიწროებას.

სოციალური ბულინგი

სოციალური ბულინგი გულისხმობს ვინმეს დამცირებას, ცილისწამებას, დაშანტაჟებას.

დამახასიათებელი ნიშნები. დააკვირდით ბავშვის ხასიათის ცვლილებებს. მათ არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის  სურვილი, მიდრეკილი არიან მარტოობისკენ. გოგონები უფრო ხშირად განიცდიან სოციალურ იზოლაციას, არავერბალურ ან ემოციონალურ დაშინებას. ასეთი ტიპის ბულინგით გამოწვეული სულიერი ტკივილი ისეთივე ძლიერია როგორიც ფიზიკური და დროში უფრო დიდხანს გრძელდება.

რა უნდა გააკეთოთ. გამოიყენეთ საღამოს დრო ბავშვებთან სასაუბროდ, ჰკითხეთ თუ როგორ გაატარეს მათ დღე. დაეხმარეთ მათ ყველაფერში ეძებონ დადებითი მომენტები, ყურადღება მიაქციეთ ბავშვების კარგ თვისებებს და დარწმუნდით, რომ მათ იციან, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ და ყოველთვის მზად არიან იზრუნონ მათზე. იყავით მიზანმიმართული მათი ნიჭის განვითარებაზე, ორიენტირება მოახდინეთ მათ ინტერესებზე ხელოვნების, მუსიკის, სპორტის მიმართ, ჩართეთ კლასგარეშე საქმიანობაში, რათა თქვენმა შვილებმა შეძლონ სკოლის გარეთ ურთიერთობების აშენება.

კიბერბულინგი

კიბერბულინგი, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით ვლინდება. კიბერბულინგი არ ჰგავს პირისპირ დაშინებას, მუქარას. ის, ჩვეულებრივ, არის მუდმივი, საჯარო და ანონიმური. ( მაგ: სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.) კიბერმოძალადეები შეიძლება არ იყვნენ მხოლოდ ე.წ. „ხულიგანი ბავშვები”, რომლებიც შეიძლება ასე აგრესიულად იქცეოდნენ, ძალიან ადვილად შესაძლებელია ასევე იყვნენ მორცხვი, წყნარი ბავშვები, რომლებიც ამოფარებულნი არიან კომპიუტერებს. ვინაიდან ასეთი სახეობის დაშინება საჯაროა, მსხვერპლი არ არის დარწმუნებული ვინ ახორციელებს მას და ვისი უნდა ეშინოდეს.

დამახასიათებელი ნიშნები. დააკვირდით, თუ თქვენი შვილი იმაზე მეტ დროს ატარებს ინტერნეტში ვიდრე ადრე და შედეგად არის დამწუხრებული, გაღიზიანებული და შეშფოთებული. ყურადღება მაიქციეთ, თუ ბავშვს აქვს პრობლემები ძილთან დაკავშირებით, გთხოვთ სახლში დარჩენას, არ უნდა სკოლაში წასვლა, უარს ამბობს მის საყვარელ საქმიანობაზე. კვლევები ცხადყოფს, რომ კიბერბულინგმა შეიძლება გამოიწვიოს დაბალი თვითშეფასება, აღელვება, ბრაზი, დეპრესია, სკოლის გაცდენა, ცუდი ნიშნები, სხვებზე ძალადობა და სუიციდიც კი.

რა უნდა გააკეთოთ. შეურაცხმყოფელი შეტყობინებები შეიძლება გავრცელდეს ანონიმურად და სწრაფად, რასაც მივყავართ მუდმივ კიბერ დაშინებამდე, ამიტომ, პირველ რიგში, სახლში დააწესეთ ინტერნეტით სარგებლობის დროები. უთხარით ბავშვს, რომ თვალყურს ადევნებთ მის სოციალურ ქსელში საქმიანობას. აუხსენით მას, რომ თუ ადგილი ექნება კიბერ დაშინებას, ის არ უნდა ჩაერთოს, არ მოახდინოს რეაგირება და მოძალადის პროვოცირება. ამის შესახებ აუცილებლად უნდა გაცნობოთ თქვენ, რათა შეძლოთ მოახდინოთ სწორი რეაგირება, ჩაინიშნოთ გამოგზავნილი შეტყობინების თარიღი და დრო. აცნობეთ ამის შესახებ სკოლასა და ინტერნეტ-პროვაიდერს. თუ კიბერბულინგის შემთხვევა განმეორდება ან შეტყობინება შეიცავს საფრთხეს ან ატარებს აშკარა სექსუალურ ხასიათს  დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს.


ავტორი: ელენა ბოჟორი, ბავშვთა ფსიქოლოგი
მთარგმნელი: თინათინ ველიჯანაშვილი  

No comments:

Post a Comment